სინოფსისი
ძალიან დიდი ხნის წინ, შავი ზღვის სანაპიროზე, კოლხეთის სამეფო არსებობდა. კოლხეთის მეფე აიეტი, რამდენიმე მხედართან ერთად, ზღვის სანაპიროზე ცხენებს ჩორთით მიუყვებოდა. მხედართა შორის, უცხოელი სტუმრებიც იყვნენ. არუსტანის მოხუცებული მეფე – მსუქანი კაცი, სულეიმანი, დაბალ ცხენზე იჯდა და აიეტს ქვემოდან შესცქეროდა. სულეიმანი რაღაცით იყო დადარდიანებული. აიეტს მკაცრი სახე ჰქონდა. ორივენი ერთ ხანს ჩუმად მიდიოდნენ. მხედრების ბოლოს, თავჩაქინდრული სულეიმანის ვაჟი მოჩანჩალებდა, ის და მამამისი აიეტის ქალიშვილის მედეას ხელის სათხოვნად კოლხეთში ჩამოვიდნენ. დარიუსს მედეას გულის მოსაგებად გველეშაპთან უნდა ებრძოლა, მან კი შეშინებულმა, ბრძოლის მაგივრად ჩაიფსა. შერცხვენილი მამა-შვილი უკან, სახლში ბრუნდებოდნენ.
სანაპიროზე, მოფარებული ადგილიდან, მედეა, ჩანი, გოლიათი და ანანო უთვალთვალებდნენ სულეიმანის გაცილებას. აიეტს ერთადერთი, ულამაზესი ქალიშვილი, მედეა ჰყავდა. მედეას კი ჩინელი მასწავლებელი აღმოსავლეთის მაგი ჩანი, ჯადოქრობის საიდუმლოებას ასწავლიდა. მედეას სხვა აღმზრდელიც ჰყავდა, შუა ხნის ქალი, ანანო. ანანოს ერთი უცნაური თვისება ჰქონდა, ის ყველა კაცს ეპრანჭებოდა, ერთნაირად კეკლუცობდა მოხუცთან თუ ახალგაზრდა ვაჟთან.
თენდება, სავსე მთვარე სადაც არის გაფერმკრთალდება. მალე გარემო დღის სინათლით აივსება. ჩანი, მედეას, ჯადოსნური ელექსირის მომზადებას ასწავლის. ამ მაგიურ რიტუალში კუდმოწყვეტილი ხვლიკი, ალექსანდრეც იღებს მონაწილეობას.
კენტავრი ხირონი, მის აღზრდილ, ახალგაზრდა იაზონს ებრძოლება. კენტავრი ძლიერი მებრძოლია, მაგრამ არც იაზონი ჩამოუვარდება. საბოლოოდ, იაზონი ამარცხებს კენტავრს და მას საკუთარი დაბადების საიდუმლოების მოყოლას თხოვს. კენტავრი მოუთხობს, რომ მამამისს, ბიძაშვილმა პელეამ როგორ წაართვა სამეფო ტახტი და მისი ყველა შვილი მოკლა, მხოლოდ იაზონი გადარჩა.
პელეა აპოლონის საყდარში ორაკულთან არის მისული. პითია, შავკანიანი ორაკული ქალი, პელეას განვლილ ცხოვრებას ახსენებს და უწინასწარმეტყველებს რომ გამოჩნდება მისი ძმიშვილი იაზონი, რომელმაც შეიძლება მამამისის ტახტი დაიბრუნოს. ასე რომ არ მოხდეს, პელეამ იაზონი კოლხეთში უნდა გაგზავნოს ოქროს საწმისს მოსაპოვებლად. ყველაფერი პელეას თვალწინ ხდება. ამ ზმანებების ხილვისას, ის ძლიერ შეშინებულია. ყოველი ზმანების გამოჩენისას პელეა ორაკულის საყდრიდან გაქცევას ლამობს, მაგრამ პითიას დამხმარე სულები, პელეას აკავებენ და ზმანებაზე ძალით აყურებინებენ.
მედეა და ანანო ჩანის ლაბორატორიაში შეპარულები, ჯადოსნურ ელექსირს ამზადებდნენ. მედეას შეცდომის გამო ანანოს ჯადოსნური ელექსირი შემთხვევით დაეწვეთება და ის ხვლიკად გადაიქცევა. გახარებული ალექსანდრე ანანოს გულში ჩაიკრავს.
საბრძოლო მოედანზე, მაყურებელი მთელი ქვეყნიერებიდან არის შეკრებილი. ისინი ჩამოსულ რაინდებს, ომახიანი ყიჟინით ამხნევებენ. მედეას გულის მოსაპოვებლად ჩამოსული რაინდები, სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნების ილეთებსა და ტექნიკას აჩვენებენ. ოთხი რაინდი არის ჩამოსული. ესპანეთიდან იდალგო, იაპონიიდან სამურაი, აფრიკიდან აბორიგენი და რუსეთიდან ბაგატირი. შეჯიბრის წამყვანი, რაინდებს მაყურებელს წარუდგენს.
წამყვანი მეფის ლოჟისკენ იცქირება, იქ ჯერ არავინ მოსულა. მან იცის, რომ აიეტი ახლა ნამდვილად მედეას დაეძებს და ამიტომ იგვიანებს. ეს ყოველთვის ასე ხდება. წამყვანი ცდილობს დრო გაწელოს და მაყურებელს სიტყვებითა და ქმედებებით უფრო აღაგზნებს. მაყურებელი გრგვინავს.
წელში გამართული და ამაყი მედეა თავის ადგილზე მიდის. ის მამამისს გადახედავს. აიეტი გახარებულია და თავის დაქნევით რაღაცის უფლებას დართავს. მედეა წითელ ლენტს გადაჭრის. გალიიდან უშველებელი, ცეცხლის მფრქვეველი ხარი გამოვა. ხარი მებრძოლებს შეათვალიერებს და პირველი დარტყმით, ესპანელ რაინდს შორს მოისვრის. ახლა იაპონელს და მერე აფრიკელს. ხალხი აღგზნებულია. აიეტი და დიდგვაროვნები ბრძოლის ველს ტოვებენ.
მედეა, ანანო და ალექსანდრე გველეშაპის ზურგზე იყვნენ მოკალათებულები და მაღლა, ცაში დაფრინავდნენ. გველეშაპი საოცარ ტრიუკებს აკეთებს. ის მაღლა აიჭრება, მთებს და მდინარეებს გადაუფრენს, გამოჩნდება ზღვა და სანაპიროს მომდგარი არგონავტების გემი. გემიდან ბერძენი გმირები გადმოდიან. არგონავტების თავზე გველეშაპის უშველებელი ჩრდილი გადაიფრენს.
სავსე მთვარის დროს, გველეშაპი ადამიანად იქცევა. ის საერთოდ ადამიანი იყო, მაგრამ მაგიურმა, ბნელმა ძალებმა გველეშაპად აქციეს და ჩანს ჩააბარეს. ხუნ ძი ჩანთან ერთად ჩამოვიდა ჩინეთიდან და გამოქვაბულში ოქროს საწმის დარაჯობდა.
არგონავტები გველეშაპის გამოქვაბულს მიუახლოვდებიან. მათ უკნიდან, ჩუმად, აიეტის მებრძოლთა დიდი რაზმი მოჰყვება და არგონავტების გველეშაპთან ბრძოლის შემდეგ, გამოქვაბულთან გაბმული ბადეებით, ბერძენ გმირებს დაიჭერენ.
აიეტი განრისხებულია, ის ოქროს საწმისის ქურდობის მცდელობისთვის არგონავტების სიკვდილით დასჯას აპირებს. იაზონი უხსნის, რომ ისინი კეთილშობილი გმირები არიან და კოლხეთში მეფის დავალებით ჩამოვიდნენ, იმასაც ეტყვის რომ ის ესონის შვილია. ამ დროს ოთახში მედეა შემოდის. მედეასა და იაზონის თვალები ერთმანეთს შეხვდება და ერთმანეთით მოინუსხებიან. მედეას თხოვნით, აიეტი გადაწყვეტს რომ ისინი სიკვდილით აღარ დასაჯოს. მედეას ხელის და გულის მოსაპოვებლად, რაინდებისთვის ბრძოლებს გამოაცხადებს. ალექსანდრე იაზონსა და მედეას შორის სასიყვარულო წერილებს ატარებს. ანანო ალექსანდრეს გამბედაობით მოხიბლული არის.
დადგა ბრძოლის დღე, ხალხი ელოდება ბერძენი გმირების გამოსვლას. მაყურებელი გაოცდება, როდესაც ბერძენი გმირები ბრძოლაზე უარს იტყვიან და ასპარეზს იაზონს დაუთმობენ, ის მედეას მაგიის დახმარებით, ხარს დაიმორჩილებს.
მედეას იაზონი გამოქვაბულში მიჰყავს, რომ მას გველეშაპად ქცეული, მისი მეგობარი ხუნ ძი გააცნოს. ჩანი და ხუნ ძი კი გეგმას ამზადებენ იაზონს ოქროს საწმისი, ცხვრის თავი თუ როგორ წაართვან.
ერთ დღეს, როდესაც ალექსანდრეს იაზონთან მედეას სასიყვარულო წერილი მიჰქონდა, იაზონის მოსასვენებელ ოთახში, ის მედეასა და იაზონს ერთმანეთთან მოალერსეს ნახავს. გახარებული ალექსანდრე ჩუმად, ფეხის წვერებზე გამოიპარება, რომ შეყვარებულებს ხელი არ შეუშალოს. მაგრამ უკან მობრუნებულს ანანო და მედეა მოუთმენლად ელოდებიან, ალექსანდრეს ვერ გაურკვევია, მედეა იაზონთან იყო თუ არა. ყველანი იაზონის ოთახისაკენ მიდიან და იქ ნახავენ რომ იაზონი ვიღაც, მედეას მსგავს ქალს კოცნის. კარის ხმაურზე იაზონი ოთახში შემოსულებს გახედავს, მათ შორის მედეას შეამჩნევს, მის მკლავებში ჩაკრულ ქალს დახედავს, ის ჩანი არის, რომელიც რატომღაც ქალს ემსგავსებოდა.
ჩანი, ჩინეთის იმპერატორის უმცროსი ქალიშვილი, კოკუნი იყო. ბოროტმა დედინაცვალმა, შავი მაგიის დედოფალმა ის კაცად აქცია და მშობლიურ კუთხეს ამ გზით მოსწყვიტა. გოლიათი ხუნ ძი, კოკუნის პირადი მცველი იყო და ისიც ჯადოქარმა პატარა მფრინავ ხვლიკად აქცია. ორივენი კოკუნის მამის სასახლიდან გააგდეს და თავი ტიბეტში, ბუდისტ ბერებს, თეთრი მაგიის მბრძანებლებს შეაფარეს. ჩანმა ტიბეტში თეთრი მაგიის საიდუმლოებები ისწავლა, ხუნ ძი კი თანდათან გაიზარდა და დიდ გველეშაპად იქცა. აიეტის წარგზავნილები ტიბეტში თეთრი მაგიის სწავლულს ეძებდნენ და ბერებმაც ჩანი შესთავაზეს. ჩანი და ხუნ ძი კოლხეთში ჩამოვიდნენ. ჩანმა იცოდა რომ მისი ჯადოდან დახსნა მხოლოდ კოლხეთში იქნებოდა შესაძლებელი. იაზონის გულწრფელმა კოცნამ ჯადო გააქრო და ჩანი ისევ ქალად იქცა, გველეშაპი კი გოლიათ ხუნ ძით.
კოკუნმა ოქროს საწმისის საიდუმლოება იცის. იაზონი კოკუნის ცხვრის თავს მისცემს. კოკუნი თავს, ტანს შეუერთებს და საოცრებაც იწყება. “ოქროს საწმისი” დროში გადასასვლელ კარიბჭედ გადაიქცევა. კარიბჭის იქეთ, ძველი ჩინეთის სამეფო არის, აქეთ კოლხეთის.
კოკუნი და ხუნ ძი კარიბჭეში გადიან. უეცრად უცნაური ხმა გაისმება. კარიბჭე უეცრად აფეთქდება და მთლიანი გამოსახულება წაიშლება. “ოქროს საწმისოს” ცხვრის ტყავს, ფეხები ისევ აკლია.
დასასრული
გაგრძელება იქნება